პარტია დროას ცნობით, ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მათი ერთ-ერთი წევრის, შუშანა მაცაბერიძის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. როგორც დროაში აცხადებენ, ერთადერთი ბრალდება პოლიციელისთვის "მონის" დაძახებაა.
"ამ წუთებში, დროას წევრს, შუშანა მაცაბერიძეს ასამართლებენ. ერთადერთი ბრალდება პოლიციელისთვის "მონას" დაძახებაა. უფრო ზუსტად, პოლიციელი ამბობს, "პატარა მონას" მეძახდაო", - აცხადებენ დროაში.
მაცაბერიძე აეროპორტის ტერიტორიაზე რუსული რეისის წინააღმდეგ პროტესტისას, ხოლო მოგვიანებით სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ჩამოსვლის გამო ყვარლის ტბასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. აქციაზე ჯამში დააკავეს 16 ადამიანი, მათ შორის, დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია.
20 მაისს დილიდან ყვარლის ტბის მიმდებარედ დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული - როგორც ცნობილია, იქ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიძის ძმას, მიკა ვინოს ქორწილი უნდა გადაეხადა - სწორედ აღნიშნულის გასაპროტესტებლად ჩავიდნენ ყვარელში მოქალაქეები და აქტივისტები, თუმცა ისინი პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა.